კობახიძე ინფლუენსერებზე: თუ იღებენენ უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსისთვის, მოექცევა კანონის ქვეშ

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გრანტების შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებები შეიძლება, ე.წ ინტერნეტ ინფლუენსერებსაც შეეხოთ, თუ ისინი თანხას მიიღებენ უცხოეთიდან პოლიტიკური კონტენტის სანაცვლოდ.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინააარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. არ შეიძლება, პოლიტიკა ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს“. – თქვა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ რეპლიკაზე, რომ რომ პოლიტიკა ფართო ტერმინია, კობახიძე ამბობს, რომ „ფართო რა არის და ვიწრო რა არის, დაადგენს შესაბამისი უწყება, ამას დაადგენს სასამართლო საჭიროების შემთხვევაში“.

„თუ არის პოლიტიკური შინაარსი, პოლიტიკური შინაარსი გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ამ ფაქტთან გვექნება საქმე, გავრცელდება კანონის მოქმედება. ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას სუვერენიტეტი. თქვენ ახსენეთ პოდკასტი – ის თუ ფინანსდება, მათ შორის, რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება“. – თქვა მან.


29 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები დააინიცირა. ახალი ცვლილებებით, უფრო მეტად ფართოვდება „გრანტისა“ და სხვა ტერმინთა განმარტება და დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქამდე არსებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჩაანაცვლებს.

ცვლილებების მიხედვით, „გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმითგადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.“

გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით;