საქართველოს პარლამენტი ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს. სხდომის პარალელურად ირაკლი კობახიძემ მედიასთან კანონში შესატანი ცვლილებების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონში ცვლილებების მიზეზი ინსპექტორის სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიება არ არის.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ სამსახურს, ჯერ კიდევ არსებულ სამსახურს, აქვს 2 თვეზე მეტი, რომ ნებისმიერი გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე. ვინმეს რომ რამის ეშინოდეს, გაუქმდებოდა ეს სამსახური 1 იანვრიდან და სინამდვილეში არანაირი შიშები და პრობლემები არ გვაქვს ჩვენ.
ნებისმიერ სამსახურს შეუძლია გამოიძიოს ყველაფერი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სხვადასხვა უწყება არის პირნათელი ნებისმიერ ეპიზოდში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიების დასრულებაზე ლონდა თოლორაიამ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. ლონდა თოლორაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში 100-მდე მოწმე გამოიკითხა და ამდენივე სხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი.
„ჩვენს ინტერესშია, რომ ამ საქმის გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ ანგარიშვალდებულებად ვუდგებით სისხლის სამართლის ყველა საქმეს. ამ საქმეზეც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ჩვენს ინტერესშიცაა, რომ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს, რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.
ჩვენ კოორდინაცია გვაქვს ადვოკატებთან და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე. გამოძიება ყოველდღიურ რეჟიმში მიდის. არ არსებობს დღე, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედება არ ტარდებოდეს. შემჭიდროებულ ვადებში ვატარებთ გამოძიებას. 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული უკვე და ამდენივე სხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი.
პრეცედენტი შუალედური გადაწყვეტილების გამოქვეყნების არსებობს, როცა საგამოძიებო ორგანო არ ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აწ უკვე პროკურატურის კომპეტენციაა, როგორც იცით. გამიჭირდება, დღეს გითხრათ კონკრეტული ვადა, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, 1 მარტამდე ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.