პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ უქმდება, უბრალოდ ერთმანეთისგან იმიჯნება ორი სრულიად განსხვავებული ფუნქცია.
„საყოველთაო რეკომენდაცია, თავის დროზე იყო ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალური მონაცემთა დაცვის ფუნქციები.
თავის დროზე, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა. ახლა არის დრო იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება გარკვეული ფუნქციები გამოძიების ნაწილში.
როცა მოხდა დაინიციირება, შემდეგ ჩავაყენეთ სამსახურის ხელმძღვანელი საქმის კურსში, ეს გააკეთა იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა.
მაშინ ეს გაკეთდა იმიტომ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე არ ასახელებს სახელს და გვარს რომელ ლიდერს გულისხმობს. ის ასევე აცხადებს, რომ პიროვნულად ლონდა თოლორაიას მიმართ არანაირი პრობლემა არა აქვს, არამედ აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს.