კობახიძე ირწმუნება, რომ ზურაბიშვილმა „თავადაც აღიარა ევროპაში ვიზიტების უკანონობა" 

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა „თავადაც აღიარა ევროპაში მისი ვიზიტების უკანონობა”.

კერძოდ, კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტმა ლიეტუვაში ვიზიტისას, ადგილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ „არ აქვს უფლებამოსილება, იყოს ლიეტუვაში, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით მაინც აკეთებს ამას, რადგან, მისი აზრით, ხალხისგან აქვს შესაბამისი მანდატი. ხალხისგან მანდატი ვის რაზე აქვს, ეს განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით”.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ამ შინაარსის განცხდება ჟურნალისტებთანაც გააკეთა და საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ გავრცელდა სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი თარგმანი და პრეზიდენტმა რეალურად თქვა:

„საქართველოს მთავრობის მხრიდან არ იყო თანხმობა, ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო. ვფიქრობ, ამ დროისათვის, ყველანი – პრეზიდენტი, ხელისუფლება, პარლამენტის წევრები, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ რაც შეგვძლია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს, რათა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მე ამას ვაკეთებ. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული, ეს გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დამარწმუნებელი სამუშაო არის ის, რაც უნდა გავაკეთო. მე ჩემ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მივიჩნევ”.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. მმართველ პარტიას ზურაბიშვილის გადაყენება იმის გამო სურს, რომ მან ევროპაში ვიზიტები, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.