ირაკლი კობახიძე ეხმაურება ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო მოსყიდვის 3 შემთხვევასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ეს აღმოჩნდა ტყუილი”.
„ჩვენ ვსწავლობთ შესაბამის ფაქტებს. მაგალითად, ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ თითქოს დაფიქსირდა მოსყიდვის სამი ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე ფაქტს და სამივე შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ტყუილი”, – აცხადებს კობახიძე.
„სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, უბნების ნაწილი დარღვევებით გაიხსნა, ასევე დაფიქსირდა მოსყიდვის 3 შემთხვევა და უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
ISFED-ის ინფორმაციით, #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა კოორდინატორმა, რომელიც კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან იმყოფება, სხვა პირებთან ერთად, მოცემულ საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობით თანხა გადასცა;
#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები მოცემულ პირს მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებული ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ;
#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას.
დარღვევების შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.