მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სოსო გოგაშვილი დღეს მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ და „ვიღაცამ მისცა 5 მილიონი დოლარი ამის სანაცვლოდ.“
„ჩვენ მეტი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ზოგადად ძალიან მძიმეა ადამიანურადაც და ყველანაირად იმის მოსმენა, რასაც ჩვენ ვიგებთ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ გოგაშვილი არის სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ. 5 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა ამის სანაცვლოდ და ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკეთოთ კომენტარი მის აბსურდულ განცხადებებზე. ამ რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გაგრძელებას და ყველა აბსურდზე კომენტარი ვერ გვექნება.
ერთ-ერთი მთავარი აბსურდი ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს. გოგაშვილმა განაცხადა, რომ უმძიმეს დავალებებს აძლევდა მას უშუალოდ ივანიშვილი. გუშინაც განვმარტე და ამას ჰყავს უამრავი მოწმე, რომ პირველად გოგაშვილი ივანიშვილს 2018 წლის ბოლოს შეხვდა, როდესაც ის უკვე აღარ იყო სუსის უფროსის მოადგილე.
ასეთ ტყუილს რომ კადრულობს ადამიანი, რომ ივანიშვილი დავალებებს აძლევდა თურმე მაშინ, როდესაც თვალით არ ჰყავდა ნანახი, იქ ჩვენი მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაკეთოთ კომენტარი მის აბსურდულ განცხადებებზე, არის ნულოვანი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს სოსო გოგაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ უკანონო მოსმენის შედეგები ყოველდღიურად მიეწოდება „ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ასევე ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრს.