„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმაურება და ამბობს, რომ რეალურად „არავითარი არსებითი დატვირთვა“ არ აქვს და „ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”.
„ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აშანტაჟებდნენ მთელი 3 წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ, რაღა ეშველება ოპოზიციას, აღარ ვიცი.
სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები…
სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე საბოლოო ჯამში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში მათ ხელიდან გამოიცალეს შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც 3 წლის განმავლობაში აკეთებდა გლობალური ომის პარტია.
რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა ახლახან საუბარი ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. რეალურად, ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.