ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ჯინ შაჰინის განცხადებას, სადაც სენატორი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუარესებაზე და შეშფოთებაზე საუბრისას თხოვნა გამოთქვა, აშშ-მ შეწყვიტოს ყველა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.
სენატორმა აღნიშნული განცხადება National Journal-თან ინტერვიუში გააკეთა, სადაც საუბრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.