„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბი გახსნეს, სადაც კობახიძემ კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, კახა კალაძეს „ამბიციური“ გეგმები აქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში და 4 წლის თავზე თბილისი უფრო განვითარებული იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახი კალაძეს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები შემდეგი 4 წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს.
ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.