პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, ხომ არ მოქმედებენ შესაბამისი უწყებები ორმაგი სტანდარით, როცა დაუყოვნებლივ იწყებენ გამოძიებას ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმაზე, ხოლო ამ დრომდე არ დასჯილან ის პირები, რომლებმაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების პერიოდში მოქალაქეებს სცემეს.
პრემიერი ამბობს, რომ გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული და ორმაგი სტანდარტია „ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით აჟიტირებული კომენტარები.
„რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს, მე ვიხილე აჟიტირებული კომენტარები, როგორც ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, მათი აქტივისტების მხრიდან ამ ძალადობრივ აქტთან დაკავშირებით და ნუ რასაც თესენ იმას ხანდახან იმკიან ხოლმე. გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული. ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ეს, როცა მაგალითად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იმედის ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული და მეორე მხრივ, ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საღებავის შესხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კალანდარიშვილს სხდომაზე საღებავი ცესკოს წევრმა ენმ-დან, დავით კირთაძემ შეასხა.