„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდში მეტი ოპტიმიზმის საფუძველი შეინიშნება და შანსები კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით გაზრდილია.
„ეს არის ჩვენი აღქმა და შთაბეჭდილება. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში, შანსები გაზრდილია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით“, – აღნიშნა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
არაოფიციალური ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კომისიის რეკომენდაცია გახდება ცნობილი. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროსაბჭო იღებს, რომლის სხდომაც დეკემბერში გაიმართება.