კობახიძე კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების და „ოცნების“ ამომრჩევლის ინტელექტს ადარებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში „ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს“ გამოაქვეყნა.

წერილი ვრცელია და მასში საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში ახალგაზრდების ჩართულობაზე.

პრემიერი ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების ნაწილს კვლავ რადიკალიზმში სდებს ბრალს და მათ დაფინანსებას სხვადასხვა პოლიტიკოსს მიაწერს. კობახიძე ახალგაზრდების ნაწილს არაგულწრფელს უწოდებს, ნაწილს კი – შეცდომაში შეყვანილს.

ვრცელი მსჯელობით ის მიმოიხილავს მოვლენებს, რომელთა შეფასებისას, კობახიძის სიტყვებით: „მისი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდა“ არაერთხელ შევიდა შეცდომაში – ამ მოვლენებს შორისაა უკრაინის ომი, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, არჩევნები, საქართველოს ევროინტეგრაცია და სხვა.

კობახიძის მიხედვით, დღის წესრიგში დგას საკითხი – ვის უნდა დაუჯეროს ხელისუფლებამ, „საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?“

პრემიერი ამტკიცებს, რომ პარტიამ ამომრჩევლის ინტელექტის კვლევა ჩაატარა და „ოცნებას“ მაღალი ინტელექტის ამომრჩეველში აქვს მხარდაჭერა.

„ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი“, – წერს ის.

პრემიერის თქმით, დარწმუნებულია, რომ მთავრობამ 29 აპრილს რუსთაველზე გამოსული ხალხის კარნახით უნდა იმოქმედოს.

„ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.

გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს“, – წერს იგი.