კობახიძე: კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დასრულდება ყველაფერი

პუბლიკა

„გადაცემა, გათავისუფლება გამორიცხულია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუკი ვინმე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას ან სადმე გადაცემას, ყველას ამოძრავებს ერთი მიზანი, ეს საქართველოს ომში ჩართვაა. ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით“.– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქმე მარტივადაა, მან უნდა მიიღოს ცილა და „დამთავრდება ყველაფერი“.

„მარტივად გვაქვს აქ საქმე, მას შეუძლია, მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ყველაფერი.

ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია ? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული. რაც შეეხება იმას, რომ ვერ იღებს, მე არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე კვერცხს ან ხაჭოს ადამიანი. ეს მე არ ვიცი და ამ დეტალებში ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა.

მე მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით. ეს შეიძლება, იყოს მარტივი, წინასწარ განსაზღვრული გეგმა. შეიძლება, ზუსტად იმიტომ არ იღებდა ცილას, რომ მერე ეს დიაგნოზი დაგისვან. ასეთ რაღაცებში ჩვენ ვერ შევალთ.“ – განაცხადა კობახიძემ.


სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული ბოლო დასკვნის მიხედვით ბოლო ვიზიტთან შედარებით სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. დასკვნა 27 აპრილს გამოქვეყნდა.

მათი შეფასებით, სახეზეა მალნუტრიცია, „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

მისივე თქმით, მართალია სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქიატრიული და ფიზიკური რეაბილიტაცია.

კონსილიუმის რეკომენდაციით სააკაშვილს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

სად ჩატარდებაეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია ამბობს ექიმი გრიგოლ ხურციძე.