„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მიმართ კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ბრალდება. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და საქართველო ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს. ეს ღია გზავნილია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება, იმას გავყვეთ. ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“. – განაცხადა კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემაზე პლებისციტის გამართვის შესახებ კობახიძემ არაერთხელ განაცხადა. ბოლოს ასეთი განცხადებით 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა.
CRRC-საქართველომ 2022 წლის ივლისში კვლევა ჩაატარა და სხვა საკითხებთან ერთად კვლევაში მონაწილე ადამიანებს ჰკითხეს, სჯერა თუ არა საზოგადოებას ქართული ოცნების განცხადების, რომ დასავლეთმა საქართველოს რუსეთთან ომის დაწყება სთხოვა? მოსახლეობის უმრავლესობას არ ჰგონია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთთან ომის დაწყებაზე იყო დამოკიდებული.
მოსახლეობის სამოცი პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად ან საერთოდ არ არის სიმართლე. ექვსიდან მხოლოდ ერთი (17%) აღნიშნავს, რომ ეს სრულად ან მეტწილად სიმართლეა. თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანს (23%) ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ერთმა პროცენტმა კი უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. CRRC-საქართველოს 2022 წლის ივლისის ომნიბუსის კვლევა შემთხვევითი წესით შერჩეულ 1 244 რესპონდენტთან ჩაატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარი შეადგენს 2,8%-ს, ხოლო 50%-თან ახლო პროპორციებისთვის ეს მაჩვენებელი 4,7%-ის ტოლია.