კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას ვერიფიკაციის აპარატებით ხმების შესაძლო დუბლირების თაობაზე

პუბლიკა

„ელექტრონული წესი იძლევა ყველაფრის გადამოწმების საშუალებას, მათ შორის ყველას შეუძლია ამოიღოს რეგისტრაციის მონაცემები და ნახავთ ძალიან მარტივად, რომ ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის ტყუილი… ტექნიკურადაც კი შეუძლებელია ის, რაზეც საუბრობს ოპოზიცია“,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმ,ა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას არჩევნებზე ხმების შესაძლო დუბლირებასთან დაკავშირებით.

ხმების შესაძლო დუბლირებაზე განცხადება „კოალიციამ ცვლილებისთვის“ განცხადება გვიან ღამით, მას შემდეგ გააკეთა, რაც ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაცხადა.

კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ თქვა, რომ „არჩევნების გამოყენებით გაყალბების ერთ-ერთი სქემის თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა”.

„ტექნიკურად ვერ გააკეთებ ამას, ყველას შეუძლია, ნახოს რეგისტრაციის მონაცემები და დარწმუნდება, რომ თითოეული ამომრჩეველი არის უნიკალური და არცერთს არ მიუცია ერთზე მეტჯერ ხმა. ტექნიკურად არის შეუძლებელი ამ აპარატურით ამის გაკეთებ. ეს არის მოგონილი ვერსია იმისათვის, რომ იმედდაკარგულმა პოლიტიკოსებმა თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან იმ ტყუილებისთვის, რასაც ეუბნებოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ასევე განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას – იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.

„ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები“. – განაცხადა საიამ.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია, „თითქოსდა ერთიან სიებში დუბლირება იყო, უსაფუძვლოა“.

კალანდარიშვილის მტკიცებით, „ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს, რაც ამერიკულმა კომპანიამაც დაადასტურა“.