კობახიძე: „ლიბერალური ფაშიზმი“ „გლობალური ომის პარტიის“ მიერ გლობალურ დონეზეა კოორდინირებული

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის აზრით, „მგზავრების“ მიერ მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი შეგვახსენებს, „რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოსა“ და მსოფლიოში.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ნარატივი და ამჯერად თქვა, რომ „ლიბერალური ფაშიზმი“ „გლობალური ომის პარტიის“ მიერაა კოორდინირებული. კობახიძის თქმით, ორი თვის წინ მოუსმინა სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს 10-წუთიან ვიდეო მიმართვას, მას შემდეგ, რაც თავდასხმის შემდეგ ის კლინიკიდან გამოვიდა.

„ეს 10-წუთიანი ვიდეო-მიმართვა რეალურად ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს რას აჩვენებს იცით, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოსა და სლოვაკეთში, რაც იმას ნიშნავს, თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ლიბერალურ ფაშიზმს“, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ლიბერალურ ფაშისტური თავდასხმა“ არ ამართლებს „მგზავრების“ გადაწყვეტილებას.  პრემიერის მტკიცებით, „როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალური ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენ ქვეყანაში“.

„გლობალური ომის პარტია“ მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას“ სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს. „ქართულ ოცნებას“ არასდროს დაუკონკრეტებია, ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი, თუმცა კობახიძეს არაერთხელ უთქვამს, „მასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ამასთან, ამას ალტერნატივა არ აქვს”. ამასთან, მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ არ გულისხმობენ აშშ-სა და ევროკავშირს, თუმცა მათი განცხადებები ამ კონტექსტში პირდაპირ მიემართება დასავლეთს.