კობახიძე: „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა" ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაგრძელებაა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერმინი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა” ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაგრძელებაა. მან რამდენჯერმე ახსენა, რომ მთავრობა ამას უნდა დაუპირისპირდეს.

კობახიძემ ასევე გამოიყენა სტიგმის წამახალისებელი შეფასებები, რომ „ნარკოტიკები ანადგურებს ღირებულებებს”.

მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს რეალიზატორების იდენტიფიცირებისთვის და დაამატა, რომ:

„თუმცა, კიდევ მეტი არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც სახეზეა, ნარკოტიკების რეალიზაციის, მოხმარების ფაქტები, არის გარკვეული სისტემური მოვლენები, რაც ამას უკავშირდება.

არის ასეთი ტერმინი დამკვიდრებული – „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რაც მე ვიტყოდი, რომ არის იმ იდეოლოგიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ვუწოდებთ. ანუ ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას.

მე შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკები ანადგურებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ღირებულებებსაც და ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში განადგურდეს ღირებულებები, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ.

ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას, ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, თუმცა ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მე მგონია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ”, – განაცხადა კობახიძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ მეტ ყურადღებას საჭიროებს ფსიქოტროპული აფთიაქების საკითხი. მთავრობის სხდომაზევე მოუწოდა მინისტრთა კაბინების წევრებს, რომ შეიმუშაონ განახლებული გეგმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება პირიქით ზრუნვა მომხმარებლებზე, რომ იმისათვის, რომ მათ უარი ვათქმევინოთ ნარკოტიკების მოხმარებაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუმცა რაც შეეხება რეალიზაციას, რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.

ასევე ყურადღებაა მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე, ამას ცალკე უნდა გაესვას ხაზი, რაზეც საზოგადოებაშიც ხშირად საუბრობენ, და მე მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი განახლებული გეგმა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ჩვენი ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ”, – განაცხადა კობახიძემ.