პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ფეხბურთელებმა ფონდი ქართუს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებულ ჯილდოზე „ელემენტარული მადლიერება” გამოხატეს და უცნაური ის იქნებოდა, რომ მათ ეს მადლობა არ გადაეხადათ.
კობახიძემ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
„მადლიერებაც ხომ საზოგადოდ და მით უმეტეს, საქართველოში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია ჭარბად დაამტკიცეს… ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ facebook-ზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლის გამო, მერვედფინალში თამაშისთვის მიიღეს ფულადი ჯილდო ფონდი ქართუსგან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ნაკრების სახელით დაწესებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს განცხადებაში, რომელიც ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვაინებით კი მადლიერება ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა გამოხატეს.