კობახიძე: მათ შორის საელჩოების განცხადებებმა გვარამიას მისცა საშუალება, გაეძარცვა „რუსთავი 2“

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას დაკავებაზე აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა – „სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ჩართულია ეს განცხადებაც და შეიძლება, ამის უკან იდგეს ის, რომ საელჩო არასწორად არის ინფორმირებული.“

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების განცხადებებმა 2017 წელს გვარამიას მისცა საშუალება, „რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა „რუსთავი 2““.

„ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და ზუსტად იმავე განცხადებებმა, სამწუხაროდ, მათ შორის საელჩოების განცხადებებმა, მისცა გვარამიას საშუალება, რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა „რუსთავი 2““.

დღესაც გვაქვს იგივე, მაგრამ რა დგას ამის უკან, ეს არის ფაქტი, მოცემულობა.

ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც ამ კამპანიაში ჩართულია ეს განცხადებაც, შეიძლება, ამის უკან იდგეს ის, რომ არასწორად არის ინფორმირებული. შეგვიძლია, დავიტოვოთ ამის იმედი. არ ვიცი, რა დგას ამის უკან. ფაქტია ერთი, რომ იმ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ უცხოელი ლობისტები და მათ შორის იგივე საელჩოების განცხადებები… რომ განეგრძო „რუსთავი 2-ის“ ძარცვა“. – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან.

გუშინ ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.