კობახიძე მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე: მგრძნობიარე თემაა, უსაფრთხოებას უკავშირდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს და აღნიშნავს, რომ შეხვედრა „უსაფრთხოებას უკავშირდებოდა და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა“.

„მგრძნობიარე თემაა, აქედან გამომდინარე კონკრეტიკაში ვერ შევალ, მგრძნობიარე- არა, უფრო სწორად, უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა.

მას ჰქონდა ძალიან მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია, მთავარია ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

სუსის ინფორმაციით, „შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვაშინგტონში საქართველოს საგარეო კურსზე სალაპარაკოდ დაიბარეს, კონკრეტულად ირანთან დაახლოებაზე სასაუბროდ. ამის შესახებ ხიდაშელმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„შემიძლია, თავი დავდო ამაზე, პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, ზუსტად ირანის გამო ჰქონდა ლაშა დარსალიას ვაშინგტონში [ვიზიტი], ისევე როგორც მანამდე ბატონ მდინარაძეს. ირანთან მიმდინარე პროცესები გახდა ტრიგერი, რომ ეს ორი წყება შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

ამ პროცესში, რაც ახლა ირანში ხდება და ვინც ახლა დახედავს რუკას, დღეს თუ არ ახსოვთ საქართველო გაახსენდებათ – ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარი რომ იყო, 30 წელი რომ ერთად მოვდიოდით, ბევრი ფული რომ გვაქვს დახარჯული სად გაქრა – ერთი მოიკითხეთ იქ რა ხდება. გლეხურად რომ ვთქვათ ზუსტად ეს ამბავი მოხდა”, – თქვა თინა ხიდაშელმა.