საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან საუბრის შესახებ წერს.
„გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.
ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.