კობახიძე: მთავრობამ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე მოსაწვევი მიიღო, მე არ დავესწრები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მოსაწვევი მთავრობამ მიიღო, თუმცა, მას თავად არ დაესწრება.

„მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება“, – თქვა მან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. ის 1963 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კონფერენციაზე თავს იყრის 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საგარეო და თავდაცვის მინისტრები და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციაზე წარმოდგენილნი არიან NATO-ს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელები.

წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს იმართება.

უკვე გამოქვეყნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2026 წლის ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო ნორმები და ალიანსები ზეწოლას განიცდის, ხოლო მზარდი გეოპოლიტიკური ფრაგმენტაცია ძირს უთხრის თანამშრომლობის ტრადიციულ ჩარჩოებს.

ანგარიშის ერთ-ერთი ძირითადი თემაა ნდობის კრიზისი აშშ-სა და ევროპას შორის, განსაკუთრებით განსხვავებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის კონტექსტში. კონფერენციის მიზანია დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან თემად რჩება. კონფერენციაზე იმსჯელებენ, როგორ შეუძლიათ ევროპას და მის პარტნიორებს თავდაცვის მხარდაჭერის შენარჩუნება, აგრესიის შეკავება და სტაბილურობის ხელშეწყობა.

2026 წლის კონფერენციაში მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია და ირანის ბოლო შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.

გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან მათ არ მიუღიათ მოსაწვევი. „რომც გვქონდეს მოსაწვევი, ვერ წავალთ”, – გვითხრა 2025 წელს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა, დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა. 2025 წელს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ექსპრემიერი გიორგი გახარია.