საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, დარეგისტრირდა 450-მდე ორგანიზაცია. მან მათ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „ვისაც დასამალი არაფერი აქვს, იმას არც გამჭვირვალობის ეშინია”.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, „იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც არ რეგისტრირდებიან, ეს ინიციატივა არც უნდა გაიზიარონ”.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.
ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ.
ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არც უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს უნდა გაიზიარონ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც დღემდე მოქმედებდნენ და მომავალშიც იმოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბმისად; რომლებიც პატივს სცემენ კანონს საქართველოში და სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.
„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. ამ პროგრამიდან დახარჯულ თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ bm.ge-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაცია ეწოდოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას.
ამასთან, რამდენად შეძლებს ასეთი ორგანიზაცია „მოდარაჯე ძაღლის” ფუნქციის შესრულებას.
კობახიძემ უპასუხა:
„თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება, საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია?
როგორც მთავრობის მეთაურს მჭირდება დახმარება კორუფციის ამოფხვრაში. ჩვენ შეიძლება დავიქირაო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩაუღრმავდებიან ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის ხელისუფლების სტრუქტურებში. როცა დასამალი არაფერი გაქვს და თვითონ როცა არ ხარ ჩართული კორუფციაში, შენს ინტერესებშია, ჩართო მაქსიმალურად ბევრი სუბიექტი კორუფციის აღმოფხვრის პროცესში”.
შესწორება:
მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ ირაკლი კობახიძემ საგრანტო პროგრამა მხოლოდ იმ ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა, რომლებიც რუსული კანონის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდნენ ან დარეგისტრირდებიან. თუმცა, ვინაიდან პრემიერ-მინისტრს ეს სიტყვები პირდაპირ არ უთქვამს, მასალა დაკორექტირდა და აღნიშნული ჩანაწერი წაიშალა.