საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მისთვის მიწვევის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს „გაბუტვა არ შეშვენის“.
კობახიძის თქმით, მიღებაზე 150-ზე მეტი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი იყო მიწვეული და როდესაც საქართველოს უუქმებენ მიწვევას, „ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს“.
„ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.
რაც შეეხება ვახშამს, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები. ამ ვახშამს ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ბაიდენმა მიიწვია ისინი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის, გაფორმებულად ავტორიტარული. არცერთს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა.
ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მიწვევას, ამაზე საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს“, – აცხადებს კობახიძე.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რომ დავით ზალკალიანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, ერთად წავედით, მათ შორის ბატონ დავით ზალკალიანთან ერთად და ვივახშმეთ ქართულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მთავარი არხის“ ცნობით, აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, რომ კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუუქმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და დასავლეთზე ნეგატიური რიტორიკის გამო.