კობახიძე: მიზეზი, რატომ არ შეხვდა ივანიშვილი სენატორებს, არის მკაფიო

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ სენატორებს, რატომ არ ხვდებოდა. მიზეზი არის ძალიან მკაფიო და აქვს კონკრეტული საფუძველი – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დიდგორობის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ სენატორებს სურთ, შეუძლიათ, თავად დაასახელონ ეს მიზეზი.

„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, რაც ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან  არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გადასატვირთად საქართველოს ნაბიჯები გადადგმული აქვს და საპასუხო ნაბიჯს აშშ-სგან ელოდებიან.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ამისათვის პირველ რიგში, მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი კომენტარის წერილობით ვერსიას პრესსამსახური ავრცელებს.

სენატორმა ჯინ შაჰინმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რაზეც ივანიშვილმა უარი თქვა.

„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე”, – განაცხადა შაჰინმა.

სენატორის შეფასებით, იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება […] იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით,“ – განაცხადა სენატორმა.