კობახიძე: მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეებშიც

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ და აღკვეთავენ ძალადობის ნებისმიერ მცდელობას. მისივე თქმით, მკაცრ ზომებს მიიღებენ მომდევნო დღეებშიც.

კობახიძის თქმით, რაც ათონელის ქუჩაზე მოხდა სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა, ვინც ამ აქტში იყო ჩართული, პასუხისგებაში მიეცემა.

„როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 8 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, მათ გადაწყვიტეს, ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისთვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს და ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ნებისმიერი მცდელობა ძალადობის და ზომები, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეებშიც.
რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული. […]
მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები, დანარჩენი დაელოდონ პასუხს, პასუხი იქნება მკაცრი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში არჩევნების პარალელურად აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მოგვიანებით დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ, მათ შეანგრიეს ჭიშკარი და ზოში შეიჭრნენ, მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი.

სპრეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. ადგილზე სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია.