კობახიძე: მნიშვნელოვანია, ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა  და წარმატებები უსურვა.

„ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი 21 მარტს დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.