კობახიძე: მოცემულობაა - რუსეთს ოკუპირებული აქვს 20%, პრობლემას ქმნის გლობალური ომის პარტია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანდო არ არის CRRC-ის კვლევა „კავკასიის ბარომეტრი“, რომლის თანახმადაც, მოქალაქეების 69% საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის კონსპირაცია „გლობალური ომის პარტიის შესახებ” და თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და „ეს არის მოცემულობა, საქართველოსთვის პრობლემას ქმნის გლობალური ომის პარტია”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროპაგანდისტული განცხადებით, „გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში”.

„ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ ვგულისხმობთ აშშ-სა და ევროკავშირს. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. საზოგადოება კარგად ხედავს და ხვდება ამ ყველაფერს. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე, მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

CRRC-ის კვლევა „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის შედეგების თანახმად, აშშ-ს მტრად მიიჩნევს მოსახლეობის 4%, თურქეთს – 2%, სომხეთს – 1%.

ამასთან, საქართველოს მეგობრად აშშ-ს მიიჩნევს მომსახლეობის 24%. აზერბაიჯანს – 8%, უკრაინას – 7%, თურქეთსა და გერმანიას – 4-4%, რუსეთს – 2%.

კვლევის საველე სამუშაოები 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1 509 რესპონდენტი – საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. გამოკითხვის მეთოდი – კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).