ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დასკვნაში ასახულია გარკვეული ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მთლიანობაში დასკვნა სიცრუითაა გაჯერებული. მისი თქმით, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.
„თავიდან ბოლომდე სიცრუითაა გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ჩვენ ინფორმაციას.
ჩვენ პირველ რიგში ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში წარმოდგენილია კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომელიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, თუმცა მთლიანობაში… ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას, ალბათ, სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს.
არის საკითხები, რაზეც გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში, ეს დასკვნა სიცრუითაა გაჯერებული.
მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების მიღმა. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები და შემდეგ როგორ გაგრძელდა. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესები, რომელიც წამოიწყეს, საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით? საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ორმაგი სტანდარტი თვალსაჩინოა“, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა რეკომენდაციების გათვალისწინებას გეგმავს „ოცნება“ და არის თუ არა მათ შორის დემონსტრატებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები, კობახიძე პასუხობს, რომ „შენიშვნა, რომელიც არის გამოთქმული ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, არის მხედველობაში მისაღები“.
„წამება არის მტკნარი სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულებრივ გადაცდომებს, პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც სავარაუდო დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა, თუმცა უკვე მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები. 4 ოქტომბერს თმის ერთი ღერი არავის ჩამოვარდნია… ზომები მივიღეთ ამ მიმართულებით, შესაბამისად, შენიშვნა, რომელიც არის გამოთქმული ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, არის მხედველობაში მისაღები. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერზე და მომავალშიც აქტიურ ზომებს მივიღებთ.
იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კონკრეტული ადამიანების. რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, 3-4 შემთხვევა, როდესაც კონკრეტული გადაცდომა იყო აშკარა. კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მაგალითად, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევა, ახალგაზრდის შემთხვევა, პოლიტიკოსის შემთხვევა. ეს იყო გადაცდომაზე მეტი. რომ არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ეს იყო, მე ვიტყოდი თავისი შინაარსით დანაშაულებრივი გადაცდომა, მაგრამ ვერ მოხერხდა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, თუმცა ჩვენ მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ მომავალში აღარ მომხდარიყო ასეთი რამ. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ შსს-სა და სუსის ახალი მენეჯმენტით მომავალში მაქსიმალურად იქნება არიდებული თავიდან ასეთი გადაცდომები“, – განაცხადა კობახიძემ.
„4 მძიმე გადაცდომას“ შორის კობახიძემ დაასახელა გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილის, „ერთ-ერთი ახალგაზრდის და ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევები“. ჟურნალისტის შენიშვნაზე, მოიაზრება თუ არა მძიმე გადაცდომაში TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, კობახიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე პოლიციასთან არ ყოფილა.
კანონმდებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე კობახიძემ თქვა:
„საქართველოში არ მოქმედებს არც ერთი რეპრესიული კანონი იმ გაგებით, რა გაგებითაც საუბრობენ კონკრეტული პირები. ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და ყველა კანონი არის პროპორციული, ჩვენ მზად ვართ, სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მოსკოვის მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.