ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ირაკლი კობახიძე „უსამართლობის გაგრძელებას“ უწოდებს.
29 იანვარს ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა – შეიქმნება ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებთან დაკავშირებით.
კობახიძე ამბობს, რომ „მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო კამპანია წარიმართება და ესეც ამისი გაგრძელებაა“.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, „ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან“.
„ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„მოსკოვის მექანიზმი“ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია მონაწილე სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ვალდებულებების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებზე რეაგირებისთვის.
საქართველოს შესახებ 24 ქვეყნის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„მისიამ უნდა მოამზადოს ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები, დაადგინოს ფაქტები და გასცეს რჩევები.
მისიას, სხვა საკითხებთან ერთად, დაევალება:
- მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება;
- შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ დეფინიციას;
- შეიმუშაოს რეკომენდაციები პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით“.
მისიის მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს. მექანიზმი არ აწესებს სავალდებულო სამართლებრივ ვალდებულებებს, თუმცა მისი რეკომენდაციები საფუძვლად ედება დიპლომატიურ და პოლიტიკურ რეაგირებას.
თუ სახელმწიფო უარს ამბობს თანამშრომლობაზე ან ექსპერტების მიღებაზე, „მოსკოვის მექანიზმი“ მაინც მოქმედებს სხვა ქვეყნების მოთხოვნის საფუძველზე.
შესაბამისად, ექსპერტები ნებისმიერ შემთხვევაში მოამზადებენ ანგარიშს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობაზე უარმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ მუშაობას.
„მოსკოვის მექანიზმი“ არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ინსტრუმენტი. ის არ არის სასამართლო ან ტრიბუნალი. „მოსკოვის მექანიზმი“ არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; არ გამოსცემს განაჩენებს; არ აიძულებს მხარეებს რეკომენდაციების შესრულებას.
„მოსკოვის მექანიზმი“ ქმნის ავტორიტეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ ანალიზს, რომელიც აძლიერებს დიპლომატიურ ზეწოლას და გამოიყენება, მათ შორის, გაეროს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროცესებისთვის.
29 იანვრის განცხადების თანახმად, ეუთოს წევრი ქვეყნების შეშფოთების საგანია შემდეგი (თუმცა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით):
- საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ დამოუკიდებელი მედიის სამოქმედო სივრცის შეზღუდვას;
- ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული სამართლებრივი ქმედებები;
- არჩევნების კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში;
- მმართველი პარტიისადმი აფილირებული მედიების მიერ დეზინფორმაციის აქტიური გავრცელება;
- კამპანიები დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ;
- გაერთიანების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა;
- პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და სამართლებრივი დევნა;
- სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიული სისტემის გასაძლიერებლად;
- ბრალდებები თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ;
- გადამეტებული ძალადობა და თვითნებური დაკავებები;
- ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება.
ამ დრომდე ეუთომ „მოსკოვის მექანიზმი“ 16-ჯერ გაააქტიურა – საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა.
მანამდე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ გამოყენებული აქვს, მათ შორის: მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში; ასევე, ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში.
2024 წლის დეკემბერში ქართულმა ოპოზიციურმა კოალიციებმა და პარტიებმა: კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“ ეუთოს მიმართეს მოთხოვნით, „გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის მიტაცებულ არჩევნებს“.