კობახიძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ ხალხმა უარი თქვა წარსულში დაბრუნებაზე

პუბლიკა

მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60 %-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად აღიარებს არჩევნების შედეგებს და ესაა პრინციპული განსხვავება მათსა და ოპოზიციას შორის.

„ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60%-ანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.

წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი.