კობახიძე: „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული პროპაგანდის მიმართულებით „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მუშაობენ. ღიად პრორუსულ ტელევიზიებზე შეკითხვას კი უპასუხა, რომ „ალტ-ინფოსა“ და „ობიექტივს“ გავლენა არ აქვთ.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“ ისაუბრა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რას გეგმავს ქვეყანა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

კობახიძე: რუსული პროპაგანდა არ ვიცი, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ, გააგრძელებენ მუშაობას რუსული პროპაგანდის მიმართულებით. თქვენ ნახეთ, ენმ-ის წარმომადგენლები გვარამია და საყვარელიძე როგორ აწარმოებდნენ ანტიამერიკულ პროპაგანდას.

ჟურნალისტი: ამ მედიებს არ გულისხმობდა უკრაინული მხარე. აქ საუბარია ღიად რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებზე, როგორიცაა, მათ შორის, „ალტ-ინფო“.

კობახიძე: ჩვენ ვიცით, რეალურად, პრობლემა სად არის, რომელ ტელევიზიებს აქვთ გავლენა და ეს ტელევიზიები როგორ მიმართავენ იმ პროპაგანდას, რომელიც წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე და ეს არის ეს არხები. მათი მხრიდან წარმოებს პროპაგანდა, რაც ხელს აძლევს რუსეთს.

ჟურნალისტი: „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით არ მიპასუხეთ.

კობახიძე: რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ – გავლენა არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სატელევიზიო. მათი გავლენა რომ ავიღოთ და ამ პრორუსული ტელევიზიების: „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ რეიტინგები – პარტიული და სატელევიზიო – არის ცა და დედამიწა. აქედან გამომდინარე, თუ რამეა პრობლემა, არის ეს ტელევიზიები, არის „ობიექტივი“, რომელიც ანალოგიურად დაკავებულია პრორუსული პროპაგანდით. გავლენაა მთავარი. მათი გავლენა ჩვენი მმართველობის დროს რამდენჯერმე შემცირდა.