პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები ალბათ შეისწავლიან „მთავარ არხთან“ დაკავშირებულ საქმეს. მისივე მტკიცებით, მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს „შავი ფულით“ და ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას.
15 ოქტომბერს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის წერილები. ტელევიზიის მტკიცებით, ქურდაძე აღწერს სქემას, რომლითაც „მთავარში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს. რ2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდაძემ წერილობითი კომუნიკაცია ბანკებთან 13 სექტემბრიდან დაიწყო – „უკანონო ფულის ბრუნვის“ შეჩერების მიზნით, მათ კი 7, 10 და 11 ოქტომბერს გაგზავნილი წერილები მოიპოვეს. ქურდაძე ამტკიცებს, რომ კომპანიების დირექტორებმა – ნიკა გვარამიამ, თეა გვარამიამ, გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ იცოდნენ ნაღდი ფულის ბრუნვის შესახებ.
„ზოგადად ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა ნუ ალბათ არის ახალი დეტალები გამოკვეთილი ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადად ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რა თქმა უნდა, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. არ ვიცი, შესაბამისი უწყებები ალბათ შეისწავლიან ამ საქმეს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ არასოდეს განუხორციელებიათ არცერთი უკანონო ტრანზაქცია. ტელევიზია ამბობს, რომ არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის „გამოგონილი ბრალდებების“ მიზანია კრიტიკულ მედიას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები და შედეგად არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მაუწყებლობა შეწყვიტონ.
მოგვიანებით „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შპს „ნიუ სეილსის“ განცხადება, რომლის დირექტორი, თეა გვარამია და თავად კომპანია, რ2-ის მიხედვით, ერთ-ერთია, ვისაც გოგი ქურდაძე ბრალდებებს უყენებს. კომპანია ამბობს, რომ 13 სექტემბერს ქურდაძეს ვრცელი და ამომწურავი პასუხი გასცეს, ასევე მიიწვიეს ოფისში მისთვის საინტერესო დოკუმენტების გასაცნობად.
„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შპს ,,ნიუ სეილსი“ მზადაა, საკითხის იურიდიულ ჭრილში გადასაწყვეტად, კანონით განსაზღვრულ ნებისმიერ ფორმატში წარვადგინოთ დოკუმენტალურად დასაბუთებული არგუმენტაცია გოგი ქურდაძის არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი თავდასხმების სამხილებლად“, – ამბობს კომპანია.