„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დაწყებულ საუბრებს და აცხადებს, რომ „სამარცხვინოა“ მტკიცებულებების გარეშე ამაზე საუბარი.
„ზოგადად, ინგლისი, ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრის, ლორდი მაიკ ჯერმანის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
გარდა ამისა, 15 იანვარს ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, ამასთან, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს და იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ.