კობახიძე: მზადდება დოკუმენტაცია, რომ გაიცეს კომპენსაციები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, რათა გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე“, რომლებიც გასულ კვირას, სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, სტიქიის ზონებში, ასეულობით სოფელში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია, გაწმენდილია საავტომობილო გზები. მისივე ინფორმაციით, დაიტბორა იყო 400-ზე მეტი სახლი, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 296 ოჯახი.

„გასული კვირა ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. სტიქიამ, უბედურმა შემთხვევამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა შესაბამის მონაკვეთებზე.

დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი.

მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, რათა გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები. მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში – ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო. ასევე, მადლობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონულ დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს; ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.