„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს მზია ამაღლობელს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი დავალების შესრულებაში.
„მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს. მაგრამ, ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას, ეს არის რეალურად, რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს~, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ წარსულშიც არაერთხელ თქვა, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნით დავალება შეასრულა. მზიას ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს მას მოთხოვნით „თუ დავალებაზე აქვს ინფორმაცია, მიმართოს პროკურატურას“. მათ კობახიძის სასამართლოში მოწმედ დაბარებაც მოითხოვეს, თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მზია ამაღლობელს ბელორუს, ასევე დაპატიმრებულ ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად მიანიჭეს სახაროვის პრემია. პრემია, რომელსაც ევროპარლამენტი 1998 წლიდან გასცემს. განკუთვნილია იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გამორჩეულად იბრძვიან: აზრის, გამოხატვისა და ადამიანთა უფლებების თავისუფლებისთვის; დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის, მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.