კობახიძე მზია ამაღლობელზე: მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია

პუბლიკა

„მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია“, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში, პოლიტპატიმარ ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე საუბრისას.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვა, კობახიძემ უპასუხა:

„ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი. თქვენ იცით, როგორც დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე, შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე. მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ბუნებრივია, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება ფაქტს – ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება, და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს სახეში გაარტყა ხელი.

მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.

მეორე – როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება, ჰუმანურობაზე ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა აქტი, მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნეს ჩათვლილი.

რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ: რომ ძალიან ცუდად მოიქცა, ეს ქალბატონი, რომ არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს, და თქვენ იცით, რომ პოლიცია, ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი, და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი.

აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან”, – განაცხადა კობახიძე.


დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.