ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ვინმეს მზია ამაღლობელის საკითხზე საუბარი უნდა, „პირველ რიგში, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის”.
ირაკლი კობახიძემ გუშინ, 29 იანვარსა ახსენა სიტყვა სინანული მზია ამაღლობელის კონტექსტში.
ამასთან, გუშინ თქვა: „მზად არის დიალოგისთვის და რომ თუ ვინმეს უნდა მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი“.
თუმცა, დღეს, 30 იანვარს ის მზია ამაღლობელის კოლეგებს არ შეხვდა და ერევანში გაფრინდა, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრაზე.
„მთავარია, ეს შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ”. – თქვა მან.
„ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე და სხვა ჟურნალისტები მზად არიან, შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს. თუმცა, როგორც დღეს თურაძემ თქვა, კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ მათ არავინ დაკავშირებია.
დღესვე კობახიძემ თქვა, „მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ უცხოელმა ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა, რომლებიც ახალისებდნენ”.
„მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ”. – თქვა მან, „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პროპაგანდისტული გზავნილების შესაბამისად.
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიმეორა გუშინ ნათქვამი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების მედიასთან დაკავშირება „ცარიელი სპეკულაციაა”.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს.
დღეს, 30 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.