„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გუშინ, 3 ოქტომბერს მეტეხის ხიდთან მომხდარს გამოეხმაურა. აქტივისტების ცნობით, სტუდენტები იქ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საერთო ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რა დროსაც თავს დაესხნენ.
კობახიძე ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, იგორ ნარმანია „20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს“.
„მოხდა ასეთი რამ, რაც ფაქტებით დასტურდება – ეს ადამიანები იყვნენ მისულები მეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა მესანთლე ქალბატონი ეკლესიის მიმდებარედ და სთხოვა, გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ორი ადამიანი გამოესარჩლა ამ ქალბატონს და ოცმა კაცმა ორ ადამიანს სცემა. ოცი ორზე იყვნენ.
თქვენ ცდილობთ, გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს. მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო, ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო „ნაცმა“, რაზეც ორმა კაცმა მოახდინა რეაგირება – მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს „ნაცები“ და ამაზე 20 კაცი ურტყამდა ორ კაცს, ეს არის ფაქტები. 20 კაცი ორზე იყვნენ და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ „ნაცია“. 20 „ნაცი“ ორ მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაციების აგება? გამოძიება დადებს ფაქტებს და მტკიცებულებებს. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი მეორე მხარეს, ეს დადგინდება მტკიცებულებებით,“- თქვა კობახიძემ.
შსს-ს ცნობით, მეტეხის ხიდის მიმდებარედ აქტივისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, „გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, რომლებიც კონფლიქტის დაწყების მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ტაძრის მსახურ პირებს შორის მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ, რაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსული პირები ჩაერთნენ“.
„ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად ი.ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ბრალდებული პირების გამოკვეთისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.