კობახიძე: ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია 

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

მისი თქმით, „არის რამდენიმე მსხვილი და არამსხვილი ენერგეტიკული პროექტი, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება“.

„გახსოვთ, რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც მომავალში არ დავუშვებთ. ამ შემთხვევაშიც სამართლის უზენაესობა და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი და არამსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. არის 3 მსხვილი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც არის დაწყებული მუშაობა. არის ძალიან დიდი რესურსი ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის მიმართულებით და ყველა მიმართულებით საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განხორციელება, ასევე მცირე და საშუალო ჰესების თუ ქარის და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობა“, – თქვა მან.

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, აქვს ამბიციური ამოცანა – 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარებას გამომუშავებამ გადააჭარბოს”.

მან უპასუხა კითხვას ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ „სამუშაოები უკვე დაწყებულია –  გარკვეული დრო სჭირდება ხელშეკრულების გაფორმებას.

„რაც შეეხება ანაკლიას – არაფერი არ იწელება, სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარკვეული დრო სჭირდება ხელშეკრულების გაფორმებას. რა თქმა უნდა, ამ კუთხით შეიძლებოდა, რაღაც უფრო მალე დასრულებულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, მაგრამ ეს არ აფერხებს სამუშაოების წარმართვას. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მომავალში. მოლაპარაკებების საქმეა ეს ყველაფერი. ყველაფერი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.