კობახიძე: NGO-ებმა აშშ-ს იმედები გაუცრუეს, შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიემართება.

მისი თქმით, 2025 წელს აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის დახმარება, სავარაუდოდ, იმის გამოა შემცირებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ამერიკას იმედები გაუცურეს”.

„მე ვერ გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი”, – ირაკლი კობახიძე.

„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი, თამარ ხიდაშელი ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ-ის დახმარების შემცირების სამოქალაქო სექტორზე „გადაბრალება, პასუხისმგებლობის მოხსნაა”. მისი თქმით, ამ დახმარების დიდი ნაწილი სახელმწიფო ინსტიტუტებში მიდიოდა.

„ინტერნეტში ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია, რას ხმარდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, ნახავს, რომ ეს ხმარდებოდა საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი მოდიოდა მართლმსაჯულებაზე, სასამართლო სისტემის, მედიის გაძლიერებაზე და ასევე, მისი დიდი ნაწილი მიდიოდა სახელმწიფო ინსტიტუციებში.

ამიტომ, ეს რომ, რაღაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბრალია, ეს არის პასუხისმგებლობის მოხსნა. და საზოგადოებისთვის იმ ნაწილისთვის, ვინც არ არის ამ თემაში კარგად ჩახედული, თვალებში ნაცრის შეყრა”, – აღნიშნა მან TV პირველთან.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.

დოკუმენტში საუბარია, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ევროატლანტიკურ წინსვლაში და ხელს შეუწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას მავნე გავლენების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მლნ აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.