ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული, ამაშია საქმე“.
BBC ამბობს ტყუილს. მისივე თქმით, სხვა დანარჩენზე ილაპარაკებს შს სამინისტრო.
BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი „კამიტე“, ანუ ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
BBC-მ მოიპოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პროტოკოლი, რომელშიც ნახსენები იყო 2 უსახელო ქიმიური ნივთიერება. ისინი უბრალოდ მოხსენებული იყო, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, მათი შერევის ინსტრუქციებთან ერთად.
BBC-ის თანახმად, UN1710 არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი – გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს და რომელიც კარცენოგენად მიიჩნევა.
რაც შეეხება UN3439-ს – მისი იდენტიფიცირება BBC-ს გაცილებით გაურთულდა, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგანაც ყველა სახიფათოა. თუმცა, ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ აღმოაჩინა, ოდესმე გამოყენებულა არეულობების კონტროლის საშუალებად, არის ბრომბენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც „კამიტე“, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სუსმა BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
უწყებამ განაცხადა, რომ „გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.