ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყველა იმ პირს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ცდილობს, ომის გაჩაღება სურს საქართველოში. მისი თქმით, ომბუდსმენიც „ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილია“.
კობახიძე: თუ ვინმე სურს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება რაიმე ფორმით, თუნდაც სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანა და ა.შ. ყველას უნდა ერთადერთი რამ, ომის გაჩაღება საქართველოში.
ჟურნალისტი: სახალხო დამცველსაც ომი უნდა საქართველოში?
კობახიძე: სახალხო დამცველიც იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ჰქვია ომის პარტია და ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი.
ჟურნალისტმა კითხვაში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნა იგულისხმა, რომლის მიხედვითაც ბოლო ვიზიტთან შედარებით სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია.
მათი შეფასებით, სახეზეა მალნუტრიცია, „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.
მისივე თქმით, მართალია სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქიატრიული და ფიზიკური რეაბილიტაცია.
კონსილიუმის რეკომენდაციით სააკაშვილს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
„სად ჩატარდება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია“, – ამბობს ექიმი გრიგოლ ხურციძე.