„ახლაც მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით, არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყების შემდეგ განახლდება კონსულტაციები სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორც კობახიძე ამბობს, მთლიანი პროცედურა თავიდან არ დაიწყება.
„იმედი გვავქვს, ამ კონულტაციების საფუძველზე ამ სესიის განმავლობაში მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას; მთავარია, მინიმალური კონსტრუქციული მიდგომა აჩვენოს ოპოზიციამ”, – ამბობს ის.
მისივე თქმით, კანდიდატები უმრავლესობასაც უნდა მოსწონდეს და არა მხოლოდ ოპოზიციას.
„რაციონალურად თუ იქნებიან წარმოდგენილნი კანდიდატები, ამ შემთხვევაში არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი და დაველოდებით ჩვენ.
კონსტიტუციაში წერია, რომ, სულ მცირე, 90 დეპუტატს უნდა მოეწონოს სახალხო დამცველის კანდიდატი. ჩვენც უნდა მოგვეწონოს სახალხო დამცველი და არა მარტო ოპოზიციას. ეს თუ არის ჩარევა, მათ ვერ წაუკითხავთ კონსტიტუცია სწორად. ჩვენ ვიღებთ პრინციპულად სწორ გადაწყვეტილებას, რადგან ამ 90 ხმიდან, რაც არის საჭირო, 83 ხმა არის ჩვენი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერევით გადაწყვეტილების მიღებაში, ეს წერია კონსტიტუციაში.
კონსტიტუცია გვავალდებულებს, არასათანადო ადამიანი არ შევარჩიოთ ამ პოსტზე, ანუ ბურჯანაძე რომ არ უნდა ავირჩიოთ ჩვენ ამ პოსტზე, არაკეთილსინდისიერი ადამიანი ან აბაშიძე, რომელიც აგინებდა ჩვენს მხარდამჭერებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება – ასეთი ადამიანების არარჩევა, მაგრამ თუ წარმოადგენენ ისეთ კანდიდატურას, რომელიც იქნება მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის, ერთდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად სათანადო მიდგომა“, – განაცხადა კობახიძემ.