კობახიძე ომბუდსმენის შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და ამ, მისი თქმით, „ფეიკით“ გამოწვეული მოსალოდნელი შედეგების გამო, ომბუდსმენისა და ექიმის შესაძლო პასუხისმგებლობაც ახსენა.

„ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით – ეს რომ არ გააკეთა, ეს მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების, ანუ იმთავითვე „ფეიკია“,  რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, წარმოიდგინეთ, ამ ფეიკს მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენისა და ექიმის“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.