კობახიძე ოპოზიციური პარტიების ალიანსზე: მოგვიწევს საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება

პუბლიკა

პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ კობახიძეს 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ჟურნალისტის თქმით, „არსებული ინფორმაციით, ისინი არჩევნებში 5 ნომრის ქვეშ, საერთო პარტიაში, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებშიც“.

„თქვენ იცით, რომ ყველა ეს პარტია ენმ-ის წიაღიდანაა და ხდება შესაკრებთა გადანაცვლება. ერთადერთი ეს ჩვენთვის გამოიწვევს იმას, რომ მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე დაგვჭირდება პარტიების დასახლებების შეცვლა. შეიძლება მათ შორის დაემატოს [პარტიების ჩამონათვალი] ვინაიდან მათ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით და შეიძლება საკონსტიტუციო სარჩელში შეივსოს ეს სია, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტია მოხვდეს ამ სარჩელში. „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. 2012 წლამდეც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგაც. მათ შორის, ლევან ცუცქირიძეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა და ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სარჩელს სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაში არიან ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი. სარჩელის ავტორები მოითხოვენ, აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“ – სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, „ზემოაღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

2 მარტს 9 პროდასავლურმა პარტიამ ოპოზიციის ალიანსს – ერთობა ერთად გამარჯვებისთვის! დააფუძნა. პარტიები აცხადებენ, რომ თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე.
ოპოზიციის ალიანსში გაერთიანდნენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.