ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა, რომლებიც 4 პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, წერილობითი დეკლარაცია გაავრცელეს და მიუთითეს, რომ, თუ „საქართველო არ მიაღწევს პროგრესს თავისი ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში, ისინი გაასაჩივრებენ საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელებს და მოუწოდებენ საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესი”.
კობახიძეს ევროსაბჭოდან გაძევების ნაწილზე არაფერი უთქვამს და მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რაც ჩვენით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდშია, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები”.
2025 წლის 25 იანვარს PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – რეზოლუციაში ეწერა, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს, თუმცა პირობებით, რომ:
„მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი”.
რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა მუშაობა PACE-ში. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უფლებამოსილების ცნობის მიუხედავად, დათქმები მათთვის იყო „უსამართლო და საფუძველს მოკლებული“, რის გამოც ასამბლეიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
2025 წლის 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. მასში გამოითქვა წუხილი, რომ საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა უარი თქვა ასამბლეაში დაბრუნებაზე.
აპრილის რეზოლუციაში მითითებულია, რომ ასამბლეის მუშაობაში იმ წევრების ჩართულობა, რომელთა რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა.
ამავე დროს, საპარლამენტო ასამბლეის თანახმად, „ქართულ ოცნების“ მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და დემოკრატიული უკუსვლა არ იქნება ხელსაყრელი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისთვის, მათი წარდგენის შემთხვევაში ასამბლეის მომავალ სესიაზე.