კობახიძე: პაციენტებს აღარ მოუწევთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა განსხვავებული მომსახურების მისაღებად

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი გადაწყვეტილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე.

კობახიძის თქმით, პაციენტი „სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ.“

„დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები. ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე შესაბამისი კლინიკების ინტერესებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. ასევე დარეგულირდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას გახდის უფრო ცხადს და სამართლიანს“, – განაცხადა პრემიერმა.