„შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა…. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად მოვერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე“, – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, იქ საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე, ეს იყო სანქციების დაწესების თემა და ამაზე დეტალურად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან ერთად შემიძლია გავისხენო, რომ იყო დამატებით 3 კონკრეტული შეხედრა, ამ სამიდან ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მეც და ამ სამიდან 2 შეხვედრაზე იყო პირდაპირ საუბარი ომის გახსნასთან დაკავშირებით, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.
იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მხოლოდ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე, იმ შეხვედრებზე, კონკრეტულად ორ შეხვედრაზე, რომელთაგან ორს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სრულიად ღია და პირდაპირი ტექსტებით.
რაც შეეხება შალვა პაპაუშვილს, მან თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა მის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა, ვინ იყო მოსული ამ ფორმატში შეგნებულად ავერიდები ამ თემაზე საუბარს, სამი კონკრეტული შეხვედრა იყო აქედან 2 შემთხვევაში პირდაპირ, ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე საუბარი იყო ირიბად იგივე თემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
კელი დეგნანთან დაკავშირებით განცხადება შალვა პაპუაშვილმა 21 ნოემბერს გააკეთა.
21 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, დეგნანი პაპუაშვილს 2022 წლის 28 თებერვალს შეხვდა.
„ჩემს კაბინეტში იჯდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც მეუბნებოდა, ახლა ესკალაციაზე უნდა წახვიდეთ რუსეთთანო და გადაწყვიტეთ, ნათელ მხარეს ხართ თუ ბოროტსო. მოვისმინეთ ხელების ბრახუნი, რომ ახლავე გადაწყვიტეთ თქვენ, ნათელ მხარეს ხართ თუ ბნელ მხარეს და რა ხდება, სანქციებს რატომ არ აწესებთ. ეს მოვისმინე მე პირადად”, – თქვა პაპუაშვილმა 21 ნოემბერს.
29 ნოემბერს კი პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას არ უთქვამს, რომ კელი დეგნანი „ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა“.
პაპუაშვილის განმარტებით: „მე გითხარით, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა და არჩევას, ბნელ მხარეს ვიქნებოდით, თუ ნათელ მხარეს. ესკალაცია არ არის სანქციის დაწესება? კი არ გპასუხობთ, ამაზე ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი. სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მრჩეველი ო’ბრაიენი რომ იყო ჩამოსული, მასთან და მაშინდელ ელჩ დანიგანთან ერთად, მასაც მოვუყევი ეს ამბავი“.