კობახიძე: პარტიების აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მათი მანდატების შეწყვეტა 

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.

„მარტო საკონსტიტუციო სასამართლოზე არ ვსაუბრობ. შესაძლოა, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, ჩვენ საჩივარი შეიძლება მოვამზადოთ. შეიძლება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი. რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობა”. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს სამართლებრივადაც მტკიცდება. როცა გახარიას და „ნაცმოძროაბას“ აქვთ კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში, ეს სამართლებრივად ადასტურებს, რომ ერთ საქმეს ემსახურებიან.

ამიტომ სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ იქნება დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ერთად ემსახურება დანაშულებრივ საქმეს”.

კობახიძემ ჩამოთვალა, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

„სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. [გაერთიანება] რომელშიც შედის „ნაცმოძრაობა“, რამდენიმე პარტია ერთად გამოდიან ამ არჩევნებში, ასევე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, ყველა ამ პოლიტიკოსს წარსულიც და აწმყოც პირდაპირ აქვს დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან.

მისივე განცხადებით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, „ლოგიკური გაგრძელება სწორედ მანდატების შეწყვეტა იქნება”.

„რაც შეეხება იურიდიულ მხარეს – საკონსტიტუციო სასამართლო ცალკე იღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვაზე, ცალკე იღებს გადაწყვეტილებას მანდატების გაუქმებაზე. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თუ საქმე ეხება პარტიის აკრძალვის სარჩელს, ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების შეწყვეტა. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ გამოაცხადო ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალად და მანდატი დარჩეს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე კონკრეტულ ლიდერს”. – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ოპოზიციის აკრძალვის მუქარა პირველად „ქართული ოცნების“ 20 აგვისტოს განცხადებაში გაჩნდა. მას შემდეგ მმართველი პარტია ამ მესიჯს ყოველდღე იმეორებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც გეგმავს.

„ოცნება“ მოქალაქეებს სთხოვს, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ხმა მისცენ მათ, რათა მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ აბსოლუტური ძალაუფლება, რათა შემდეგ აკრძალონ ოპოზიციური პარტიები.